შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპანია კომპანია გეგმავს „იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართოს“.
„ქარხანაში საწარმოო პროცესი გრძელდება, თანამშრომლების ნაწილი მუშაობს და ცდილობს, საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს. თუმცა, პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. არის მუქარის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. ასევე კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, გრძელდება გიორგი დიასამიძისა და მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელდა, რომელიც პირდაპირ მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, პროფკავშრების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძის ინტერესი რაიმე რეალური შედეგის მიღება არ არის“, – აცხადებს კომპანია.
„საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები ღირსეული სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით 13 თებერვალს გაიფიცნენ.
მათი თქმით, გაფიცვა უვადოა და მანამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პროფკავშირ „ლაბორის“ ცნობით, მედიციის პროცესმა უშედეგოდ ჩაირა და დასაქმებულები მოითხოვენ:
- ხელფასის 30%-იან ზრდას;
- საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
- საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
- ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
- აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
- დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
- კოლექტიურ შეთანხმებას;
- მენეჯმენტის ბრალეულობის გამო ქარხნის სრულფასოვან ფუნქციონირებას;
- დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
- კომპანია ცდილობს, დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მათ შორის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას“, – წერია პროფკავშირის განცხადებაში.