სახალხო დამცველი: მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი 8 მარტს ადიგენში რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოვლენებს „თვალს ადევნებს”. ომბუდსმენის ცნობით, აპარატის თანამშრომლებს კომუნიკაცია ჰქონდათ დაპირისპირებაში მონაწილე პირებთან და ამ ეტაპზე, ვითარების შესწავლა მიმდინარეობს.

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ, რასაც მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები აპროტესტებენ.