სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს - NGO-ები

პუბლიკა

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის გამო. მათი შეფასებით, აღნიშნული  საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თორმეტივე პირობის დროული შესრულება.

„სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარტიულად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირის არჩევა წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთ წინაპირობას 12 რეკომენდაციიდან. სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის დაუცველი ჯგუფების, უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად.

გარდა ზემოაღნიშნული კონკრეტული მე-12 პირობისა, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის არჩევა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემდა შეემცირებინა პოლარიზაცია და ეჩვენებინა სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რითაც ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლებოდა ევროკავშირის დამატებით ორი რეკომენდაცია, რომლებიც გულისხმობს პოლარიზაციის აღმოფხვრას პარტიათა თანამშრომლობით (პირველი რეკომენდაცია) და ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში (მეათე რეკომენდაცია)”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • სამოქალაქო იდეა;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საფარი;
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • უფლებები საქართველო;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).