სახალხო დამცველმა 12 წლის ანის საქმის გამოძიების ხარვეზებზე დასკვნა მოამზადა

პუბლიკა

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დედამ და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც გამოძიების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრეს. მათ ასევე გაასაჯაროვეს სახალხო დამცველის დასკვნა.

სახალხო დამცველმა „უფლებები საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე შეისწავლა შესაძლო მკვლელობის საქმის მასალები და დასკვნა მოამზადა.

„უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის დასკვნაში აღნიშნულია:

  • სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი“.

  • სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, „საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია“.

  • სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით. კერძოდ, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:

  1. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;

  2. შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;

  3. გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;

  4. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

  5. მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.

  • სახალხო დამცველმა წინადადებით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).

ანი იანუშაიტიტეს ოჯახი და ადვოკატები მიუთითებენ, რომ გამოძიება საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ბევრი ხარვეზით წარიმართა:

  • გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში გაიჩეხა შემთხვევის ადგილი;
  • დაიკარგა ანის ფრჩხილში არსებული თმის 3 სმ სიგრძის ღერი, რომლის არსებობაც გარდაცვალების დღეს გადაღებული ფოტოთი დასტურდება;
  • შენახვის პირობების დაუცველობის გამო, დაზიანდა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება;
  • შემთხვევის ადგილთან ახლო მდებარე საბავშვო ბაღის ვიდეო კამერების ჩანაწერები არ გამოკვლეულა;
  • მცირე ქრონომეტრაჟის მასალა იქნა მოპოვებული იმ სკვერის ტერიტორიიდან, სადაც ანი ბოლოს ნახეს ცოცხალი, მაშინ როდესაც სხვა ადგილების ჩანაწერები 72 საათის მოცულობით იქნა ამოღებული.
  • რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა შემთხვევიდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩატარდა, მაგალითად, საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი პირის ფოტორობოტი ანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის შემოდგომაზე შედგა.

ოჯახი და ადვოკატები შსს-სა და პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ საქმის ეფექტიან გამოძიებას; მტკიცებულებების დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტების გამოკვლევას და პირების პასუხისმგებლობას; სახალხო დამცველისთვის წარდგენილი წინადადებების შესრულებას; საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას.