სახელმწიფო ინსპექტორმა ზრუნვის სააგენტო სამართალდამრღვევად აღიარა - PHR

პუბლიკა

პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“  (PHR) ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურმა ზრუნვის სააგენტო სამართალდამრღვევად აღიარა, ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დროულად გადაუცემლობის გამო.

2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მალევე, 2021 წლის ივნისში კიდევ ერთი პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელმა ისაუბრა იქ ცხოვრების დროს აღმზრდელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

21 წლის ლუკა სარალიძემ, რომლის ინტერესებსაც PHR იცავს, საჯაროდ ისაუბრა მის მიმართ ფერიის პანსიონში (წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი) წლების განმავლობაში სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

2021 წლის ივლისში PHR-მა წერილობით მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო)  და გამოითხოვა ყოფილი აღსაზრდელის – ლუკა სარალიძის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის – დოკუმენტაციის ასლების გადაცემა.

ორგანიზაციის ცნობით, სააგენტომ კანონით დადგენილ ვადაში არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც ორგანიზაციამ 2021 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მოითხოვა სააგენტოს მიერ ინფორმირების წესების დარღვევაზე რეაგირება.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის ინფორმირებისა და პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ავალდებულებს, 10 დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სუბიექტს და გადასცეს მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის ასლები.

PHR-ში ამბობენ, რომ სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორისადმი მიმართვის შემდეგ  უზრუნველყო, რითაც დაადასტურა, რომ PHR-ს კანონის მიხედვით ნამდვილად ჰქონდა ამ დოკუმენტაციის მიღების უფლება, მაგრამ უწყებამ ეს პროცესი იქამდე გაახანგრძლივა, სანამ ორგანიზაციამ საჩივრით არ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა განმცხადებლის ინფორმირების წესების დარღვევაზე და დაადგინა, რომ  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დაარღვია პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ინფორმირების უფლება. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნია სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.