სახელმწიფო უხეშად არღვევს როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლებას - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებით, სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

„გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს”, – წერს TI.


გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო. აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუშინ სოფელ გუმათთან იმყოფებოდნენ. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუმათჰესთან გაშლილ კარვებში დარჩნენ. მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ შეკრების შესაძლებლობა სოფელ ნამოხვანში მისცეს, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.  პროტესტის ნიშნად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ გუმათთან ნამოხვანიდან ქუთაისისკენ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გასამართავად ისინი სამართალდამცველებს ალტერნატიულ ლოკაციასაც სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.