სახელმწიფო კომპანიას საშუალებას აძლევს, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობა გვაიძულოს – მეშახტეების მიმართვა

პუბლიკა

„სახელმწიფო კომპანიას საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ჩვენი სოციალური მდგომარეობით და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობა გვაიძულოს. ეს შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს და თუ გაგრძელდება შესაძლოა, ტყიბულში ახალი ტრაგედიები დატრიალდეს და ამაზე პასუხისმგებელი თანაბრად იქნებიან სახელმწიფო და კომპანია“, – ტყობულელი მეშახტეები სახელმწიფოსა და კომპანიას მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ასრულებს თავის პირობას და მეშახტეები დღემდე პასუხს ელოდებიან.

13 მარტს ტყიბულელმა მეშახტეებმა საჯარო განცხადებით მივართეთ დამსაქმებელს და  სახელწმიფოსგან მოვითხოვეთ გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურება.

ჩვენ შახტში მუშაობაზე უარი ვთქვით სიცოცხლისთვის საშიში შრომის პირობების გამო, რაც დადასტურდა 9 მარტს, 5 მეშახტის მოწამვლით. ჩვენი მიმართვა უპასუხოდ დატოვა, როგორც დამსაქმებელმა, ასევე სახელმწიფომ. ამიტომ ჩვენ დღეს ვითხოვთ ღია შეხვედრის ორგანიზებას დამსაქმებელ კომპანიასთან სახელწმიფოს წარმომადგენლის მონაწილეობით. 

ამ  შეხვედრაზე ჩვენ ველით, რომ გაეცემა მკაფიო პასუხი ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს  და დაითქმება გონივრული ვადები ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მივმართავთ პრემიერ -მინისტრ გახარიას, ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოხდეს კომპანიის შეხვედრა მეშახტეებთან სახელმწიფოს მონაწილეობით. ჩვენ ისევ ველით პასუხებს”, – ამბობენ მეშახტეები.