საკუთრების დაზიანება, სავარაუდო უკანონო აგიტაცია და სამსახურიდან გათავისუფლება - TI-ის წინასაარჩევნო ანგარიში

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) 2020 წლის 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. გთავაზობთ ძირითად მიგნებებს:

„აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი მაჩვენებლის  გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის სამიზნედ იქცა.
  • საკუთრების დაზიანება (7 შემთხვევა): სექტემბრის მეორე ნახევრიდან ასევე გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.
  • სამსახურიდან გათავისუფლება (3 შემთხვევა): საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
  • პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა.  გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა…

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2020 წელს შეიცვალა პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, შეეხო სხვა საკითხებსაც, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ძირითადად დადებითად შეაფასა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა. ასეთ საკითხებს მიუკუთვნება:

  • საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა.

გარდა ამისა, გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „კორონავირუსით” ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება: ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას.
  • საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება:  წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება.
  • უკანონო აგიტაცია: ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსი“. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „კორონავირუსის” გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა. ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც, ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ, კერძოდ:  1) თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა; (2) თბილისის მერიის მიერ 87 ოჯახისთვის იმ ბინების დაკანონება, რომელშიც ისინი მანამდე, წლების განმავლობაში, ცხოვრობდნენ; და (3) დევნილთა სააგენტოს მიერ ქუთაისში, ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებისთვის ბინების გადაცემის დაპირება”, – წერს TI.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;

ანგარიშს გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.  

„კონკრეტული ფაქტები დაგვისახელონ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ანუ, თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდები კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი გვექნება კონკრეტული ფაქტები, მაშინვე მყისიერი რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან. მუდმივ რეჟიმში გვესმის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და ფაქტებს არ გვაწვდიან…

რაც შეეხება covid-დახმარებას – 200-ლარიანი, 300-ლარიანი დახმარების და ა.შ. მთავარი პრინციპი, რაც აიღო ხელისუფლებამ, არის ის, რომ არცერთ ორგანოს არ აქვს არავითარი დისკრეცია. ანუ ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრება ის სეგმენტი, რომელიც იღებს ამ დახმარებას. ასეთი დახმარება გაიცემა ყველა ქვეყანაში covid-19-ის გათვალისწინებით. მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც არ ტარდება არჩევნები და იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება არჩევნები. შესაბამისად, არის აბსურდული განცხადება.

რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი ჩართვის საფუძველზე და საშუალებით, მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია და ჩვენ მოვახერხეთ მთლიანობაში მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება”, – განაცხადა კობახიძემ.