სამადაშვილი: გამოაქვეყნეთ, რა მითითება გასცა საგარეომ ანექსიის პროცესზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას განცხადებით ეხმაურება.

ბრიფინგი გამართა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი, „საგრძნობლად მძიმე ნაბიჯია ანექსიის, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს რეგიონის გაერთიანების მიმართულებით.“

სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დუმს ანექსიის პროცესზე და რუსეთი ანექსიის პროცესში წინ სწორედ ხელისუფლების მდუმარე მხარდაჭერით მიდის წინ.

„მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე რეგიონის ყველა სახელმწიფო ამყარებს თავის ეროვნულ ინტერესებს და რუსეთისგან დამოუკიდებლობის გაძლიერებას ცდილობს, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ თმობს ყველა ეროვნულ ინტერესს, არის საქართველო. ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ანექსიის პროცესი ამის კიდევ ერთი მაგალითია.

ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის შემდგომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში, რეალურად კიდევ ერთი, საგრძნობლად მძიმე ნაბიჯია ანექსიის, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს რეგიონის გაერთიანების მიმართულებით.

9 მაისს მოსკოვში აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან დღემდე საქართველოს მმართველ რეჟიმს ამ ფაქტზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ პროცესს წინააღმდეგობა არ ხვდება ქვეყნის გარეთ. სამადაშვილი ამბობს, რომ ესეც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.

„სამოკავშირეო ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა, დღემდე გამოხმაურების გარეშე დარჩა იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მსგავს ვითარებაში მკაცრი განცხადებით უნდა გმობდნენ რუსეთის აგრესიულ ანექსიურ პოლიტიკას.

ესეც არის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგი, რომელმაც საქართველოს წაართვა მოკავშირეები, გაფლანგა წლების მანძილზე შექმნილი დიპლომატიური რესურსები და დატოვა სრულიად დაუცველი რუსეთის შემდგომი აგრესიის წინაშე.

როდესაც ქვეყნის ხელისუფლება აღარ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ცხადია, მას ვერავინ სხვა ვერ დაიცავს. მით უფრო, როდესაც ის სახელმწიფოები და ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს ვითარებაში ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ, ივანიშვილის რეჟიმის მიერ მტრადაა შერაცხული.

თუ თავად ვერ ბედავთ რუსეთის მტრული ნაბიჯის ჯეროვან შეფასებას, მაინტერესებს, ვთხოვეთ თუ არა საქართველოს მოკავშირეებს მსგავსი შეფასების გაკეთება, თუ მსგავსი მიმართვა შეუძლებელი გახდა, თქვენს მიერ სწორედ ამ მოკავშირეების მტრად გამოცხადების პოლიტიკის შედეგად? უფრო სწორედ კი კითხვა მაქვს – ვინაა დღეს საქართველოს მოკავშირე?

რა არის ივანიშვილის რეჟიმის „პრაგმატული“ პოლიტიკის, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ „ბოდიშის“ პოლიტიკის შედეგი დღეს საქართველოსთვის?

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელი მდგომარეობით – მხოლოდ ანექსიის გაღრმავება, საქართველოს იზოლაცია, ევროკავშირში გაწევრების დაკარგული შანსი, აშშ-სთან გაუქმებული სტრატეგიული თანამშრომლობა, კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული ქვეყანა და კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლებისგან სიღარიბისთვის აბუჩად აგდებული ქართველი ხალხია.

მივმართავ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, გამოქვეყნეთ, რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე ანექსიის პროცესზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.

მაინტერესებს, გაიმართა თუ არა ერთი შეხვედრა მაინც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, აშშ-ის ადმინისტრაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზიებთან, რომ ვინმეს ხმა ამოეღო, დაეგმო რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

მსგავსი დიპლომატიური მოქმედებებისგან თავშეკავება მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. თუ ვინმეს აინტერესებს, რეალურად რა არის სახელმწიფოს საბოტაჟი, ეს მიმდინარე ანექსიის პროცესის რეაგირების გარეშე დატოვებაა სწორედ და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მმართველ რეჟიმს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალურ, შრომით და კულტურულ სფეროებში ურთიერთქმედების გაფართოება.

Ria.ru-ს ცნობით, დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.