სამარცხვინოები ხართ, ვინც ამ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ - სამადაშვილი „ბიძინაობაზე“

პუბლიკა

„სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად, შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

მან გაიხსენა პრემიერის განცხადება, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ „ბიძინაობა“ მიულოცა.

სამადაშვილმა მიმართა დეპუტატებს და თქვა, რომ სამარცხვინოა ყველა, ვინც ამ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობს.

„მე მინდა, გამოვეხმაურო სამარცხვინო განცხადებას თქვენი პრემიერ-მინისტრის, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება „ბიძინაობას“ მიუძღვნა ჩვენს ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მიკვირს იმ პრემიერისგან, რომელიც მუდმივად გვესაუბრება თუ რაოდენ თავგამოდებული მართლმადიდებელი ქრისტიანია. შეგახსენებთ მეგობრებო, ვისაც კერპად გაგიხდიათ ბიძინა ივანიშვილი ათი მცნებიდან მეორეს, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას შეეხება. სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად, შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც თანამედროვე ქვეყანასთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


1 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი. მან ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და „ბიძინაობა“ მე არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ჩვენი გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.