„სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დავუშვებთ“ - საპატრიარქო ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.

„დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“, – წერია განცხადებაში.