სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა

პუბლიკა

სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ იქმნება, – ორგანიზატორების ცნობით, ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებისთვის.

„ჯანდაცვის ასოციაციაში 13 სამედიცინო დაწესებულება/ჰოლდინგი უკვე გაწევრდა, რომელიც 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს და 8000-მდე საწოლს და 22 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლები გამოცდილების, ცოდნისა და ხედვის გაზიარებით შეეცდებიან ერთად გადაჭრან ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები, მოამზადონ რეკომენდაციები ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით შეამცირონ ის ხარვეზები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებას აფერხებს. 

ჯანდაცვის ასოციაცია, ძირითადად, ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორიც არის  ჯანდაცვის დაფინანსება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, სატარიფო პოლიტიკა, საწოლფონდის თანაფარდობა, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გადანაწილება, მომსახურების ხარისხი,  სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმების შექმნა, პაციენტის უფლებების დაცვა, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირება პანდემიის პირობებში და სხვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.