სამინისტრომ ბახმაროში ჰესის მშენებლობის პროექტი შეაჩერა

პუბლიკა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „სი-სი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის პროექტი ბახმაროში 12 მგვტ-იანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ შეაჩერა.

კომპანიის დირექტორის, მიხეილ ნიბლაძისთვის მიწერილ წერილში სამინისტრო წერს, რომ განიხილეს სკოპინგის ანგარიში და დაადგინეს, რომ მასში არ არის მოცემული ან დაზუსტებას საჭიროებს რამდენიმე საკითხი:

  • სამინისტროს თქმით, დასაბუთებას საჭიროებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის განთავსების მიზანშეწონილობა, რადგან საპროექტო ტერიტორია ემთხვევა გურიის დაცული ტერიტორიის წინასწარ მონახაზს;
  • სამინისტრო ამბობს, რომ დოკუმენტში განხილული უნდა იყოს კლიმატზე ზემოქმედების საკითხები. ბახმარო უნიკალური მიკროკლიმატის მქონე მაღალმთიანი საკურორტო ზონაა;
  • გარემოსდაცვითი კუთხით დეტალურად უნდა დასაბუთდეს ჰესის განთავსების უპირატესობა;
  • წარმოდგენილ უნდა იქნეს ადგილობრივ უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე ზემოქმედების შესახებ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნეს სამშენებლო მანქანების გადაადგილებისთვის საჭირო გზების მონაცემი და ხომ არ შეუშლის ეს ხელს საკურორტო სეზონზე დამსვენებელებს;
  • სამინისტრო ამბობს, რომ ჰესის ნაგებობები არ უნდა განთავსდეს ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
  • სამინისტრო ასევე მოითხოვს, სკოპინგის ანგარიშში გაიწეროს, რა გავლენა ექნება ბიომრავალფეროვნებაზე მდინარის წყლის რეჟიმის ცვლილებას;
  • წერილში წერია, რომ სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის ხმაურის და ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების რისკები;
  • სკოპინგის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასების და მისი აუცილებლობის დასაბუთების შესახებ ინფორმაცია;
  • გარდა ამისა, სამინისტრო მოითხოვს, კომპანიამ წარმოადგინოს სეისმოლოგიური შეფასება, მუნიციპალიტეტის პოზიცია, რეგიონში სხვა ჰესების ჯამური ზემოქმედება წყლის რესურსსა და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე, ეკოლოგიური ხარჯები, ჰესის ინფრასტრუქტურის გავლენა კურორტის წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვეყნის ენერგოსისტემაში ჩართვის სქემა და ა.შ;

ამ საკითხების წარმოდგენისთვის კომპანია „სი-სი-ეიჩ ჰაიდრო VI-ს“ 2-თვიანი ვადა მიეცა.

„აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს სკოპინგის დასკვნა. ასევე გთხოვთ, უზრუნველყოთ პროექტის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული/დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს გარემოს დაცვის მინისტრი ნინო თანდილაშვილი აწერს.

„კომპანიას დაევალა, წარმოადგინოს მთელი რიგი დამატებითი არგუმენტები, რაც არ იქნება იოლი… ეს კიდევ ერთი, კარგი მაგალითია თვითმმართველობებისა და ცენტრალური უწყებების კოორდინირებული მოქმედებისა“, – წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.


ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში, ბათუმსა და თელავში 14 თებერვალს გაიმართა.

აქტივისტები მოითხოვდნენ, სამინისტროს უარი ეთქვა ჰესის მშენებლობის განხილვაზე, მომხდარიყო პროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც ადგილობრივები ფართო წარმომადგენლობით მიიღებდნენ მონაწილეობას და ასევე, მოითხოვენ, შეიქმნას გურიის დაცული ტერიტორია გურიის რეგიონის მთიან ზოლში, სადაც აკრძალული იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ ჰესის აშენების რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობდა.

რა წერია კომპანიის სკოპინგის ანგარიშში და რას ამბობენ პროექტის მოწინააღმდეგეები, გაეცანით ჩვენს მასალას.