განათლების სამინისტრომ სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორთა შესარჩევად გამართული კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.
კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ სამინისტრომ კოლეჯის დირექტორებს წერილობით აცნობა. კონკურსის ჩაშლაზე შეტყობინებების მიღების ფაქტს „პუბლიკას” 8 კოლეჯის დირექტორი უდასტურებს.
მათი ინფორმაციით, დირექტორთა შერჩევის კონკურსი ყველა სახელმწიფო კოლეჯისთვის ჩაშლილად გამოცხადდა. მათივე ცნობით, გარდა წერილში აღწერილი განმარტებისა, რომ „ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი ვერ შეირჩა“, მათ არ აქვთ დამატებითი ინფორმაცია იმ კონკრეტული მიზეზების შესახებ, თუ რამ განაპირობა კონკურსის ჩაშლა.
ჩვენთან საუბრისას ყველა მათგანმა კონკურსის ჩაშლის სავარაუდო მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ვერ შეაფასებენ მომხდარს, რადგან „არ აქვთ არანაირი ინფორმაცია“. არცერთ მათგანს სამინისტროს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. როგორც მათ „პუბლიკას“ უთხრეს, ახალი კონკურსის გამოცხადებამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩებიან და ელოდებიან დამატებით ინფორმაციას სამინისტროსგან ახალი კონკურსის ჩატარების შესაძლო ვადების შესახებ.
„პუბლიკამ” კონკურსის ჩაშლაზე, ადრესატებისთვის გაგზავნილი წერილის სქრინი მოიპოვა.
სახელმწიფო კოლეჯებში დირექტორების შერჩევაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო. 2023 წლის 18 მაისის მონაცემებით, ჯამში სულ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული 19 სახელმწიფო კოლეჯი და 7 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯია.
კონკურსს წინ უძღოდა კანონში ცვლილებები, კოლეჯების დირექტორთა ახალი სტანდარტისა და დირექტორთა შერჩევის ახალი წესის დამტკიცების პროცესი.
აპრილში დამტკიცდა დირექტორთა ახალი სტანდარტი, ივნისში კი დირექტორთა კონკურსი გამოცხადდა.
კანონში ცვლილებები კოლეჯის დირექტორთა დანიშვნის ვადებს შეეხო – დირექტორი აქამდე უვადოდ იკავებდა პოზიციას. ცვლილებების შემდეგ ის გახდა ვადიანი, სახელმწიფო 5 წლის ვადით ნიშნავს დირექტორს და ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორობა ზედიზედ მხოლოდ ორი ვადითაა შესაძლებელი.
ასევე შეიქმნა დირექტორებისთვის ახალი სტანდარტი, რის შემდეგაც გამოცხადდა კონკურსი და დამტკიცდა კონკურსის ჩატარების წესი.
კონკურსის წესის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
კონკურსი ორეტაპიანია – მოწმდება პირველ ეტაპზე კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. ამის შემდეგ კი, მეორე ეტაპია – წერითი დავალების ან/და გასაუბრების ჩატარება.
კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ, მინისტრს წარუდგენს კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. მე-14 მუხლის მიხედვით, შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება თუ: ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
რატომ ჩაიშალა კონკურსი?
განათლების საკითხების მკვლევარი, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრი რეზო აფხაზავა სამინისტროს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ დაშინებად აფასებს.
„ახლა მიადგნენ პროფესიულ კოლეჯებს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს იმდენად პატარა სეგმენტი იყო, რომ მაქსიმალურად თავს არავინ იწუხებდა. ახლა ამათ ფაქტობრივად მოხსნეს ყველა დირექტორი, გადაიყვანეს მოვალეობის შემსრულებლებად. მერე ჩაუტარეს რაღაც კონკურსი, ჩაუტარეს გასაუბრება, სადაც ვიღაც ჩინოვნიკები ისხდნენ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ შეაფასონ ეს ადამიანები…
მერე დაუგზავნეს წერილები, სადაც წერია, რომ თურმე ამდენ ადამიანში (რომლებიც წლებია, მუშაობენ პროფესიულ კოლეჯების განვითარებაზე, ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების უამრავი ფულია დახარჯული მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე), ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კოლეჯის დირექტორი…. ეს არის დაშინება. იყენებენ სხვადასხვა მეთოდს – ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა, ეს არის დაშინება, რეპრესია, მუქარა, მოსყიდვა და ა.შ“, – ასე შეაფასა რეზო აფხაზავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჩაშლილად გამოცხადებული კონკურსი.
„პუბლიკა“ კონკურსის ჩაშლასთან დაკავშირებული კითხვებით განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
გვაინტერესებდა კონკურსის ჩაშლის კონკრეტული მიზეზები, სულ რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში; ასევე ისიც – გამოცხადდება თუ არა ახალი კონკურსი უახლოეს მომავალში და როდემდე გააგრძელებენ მოქმედი პირები აღნიშნულ თანამდებობებზე ყოფნას.
ორი დღის განმავლობაში ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებით გადაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.