სამინისტროს მიერ იუნესკოს დასკვნა არსებითად არასწორადაა ინტერპრეტირებული - ჩუბინაშვილის ცენტრი

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს მიერ გუშინ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებას ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი ეხმაურება.

ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ((WHC), ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი მისიის ანგარიში გელათის მონასტრის თაობაზე. ანგარიში მოამზადეს ამ სამი ორგანიზაციის ექსპერტებმა – ირენა კაკემ, ალკივიადის პრეპისმა და ვალერი მაგარმა საქართველოში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ვიზიტის საფუძველზე.

„გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ანგარიშს ერთვის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური განცხადების ტექსტი, რომელშიც, ანგარიში, სამწუხაროდ, არსებითად არასწორად არის ინტერპრეტირებული. უახლოეს ხანებში ჩვენ ვგეგმავთ, საზოგადოებას გავაცნოთ ანგარიშის უფრო დეტალური მიმოხილვა. ამჟამად მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, პრობლემის სტრატეგიული ხედვა, დროებითი სახურავის მოწყობა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია, არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს, ისევე როგორც საქართველოს იკომოსის, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულ ექსპერტთა (ოსტინ ნევინი, ლორინდა ვონგი, ფრანჩესკა პიკე და სარა სტენიფორთი) დასკვნებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გელათის პრობლემებზე და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერ საკითხზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და რეკომენდაციები ემსახურება ძეგლთა დაცვის სფეროში საქმიანი დისკუსიებისა და ფართო საექსპერტო განხილვების პრაქტიკის დამკვიდრებას, რის გარეშეც ეს სფერო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ გაუტოლდება“, – ამბობენ ჩუბინაშვილის ცენტრში.

მათივე თქმით, დისკუსიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი, როდესაც ისინი ჯანსაღ კალაპოტში მოექცევა, მეცნიერთა მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისგან დაიცლება და, რაც მთავარია, ბოლო პერიოდის მეთოდოლოგიური და მართვის ხარვეზების აღიარებას დაემყარება.