სამხატვრო აკადემიის რექტორად ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს

პუბლიკა

18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნები გაიმართა. რექტორი, არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძე გახდა.

კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 6 ოქტომბერს გამოცხადდა. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით.

სამხატვრო აკადემიას არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია აკადემიის გვერდზე არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია ახალი რექტორის შესახებ აკადემიის ვებგვერდზე, რექტორის შესახებ განყოფილებაში განახლდა. 

“პუბლიკა” ყარამან ქუთათელაძესთან დაკავშირებას ცდილობს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

აკადემიის ვებგვერდზე რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა გამოქვეყნებულია. 


მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით 2000 წლიდან არტ-ვილა „გარიყულა“, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე აღდგა.

არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა. არტ-ვილა „გარიყულა“, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად მოიცავს არტ-კომუნას, რეზიდენციას და მუზეუმს.

ყარამან ქუთათელაძე ასევე არის „ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest I Nova“-ის  დამფუძნებელი.  ფესტივალი არტ-ვილა „გარიყულადან“ იღებს სათავეს. „Fest I Nova“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტის „სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება.

გასულ წელს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო ყარამან ქუთათელაძესთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მომავალ წელს ფესტივალი უფრო გაფართოვდეს. მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ასევე მუშაობს არტ-ვილა „გარიყულას“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მის განვითარებაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile