სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი, რომელზეც განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, გადაიდო

პუბლიკა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ერთ-ერთი ადვოკატის დასკვნითი სიტყვა, მხარეების რეპლიკები და ბრალდებულების საბოლოო გამოსვლა უნდა მოესმინა, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო.

ვახო სანაიას ცნობით, ახალი პროცესი 25 აგვისტოს ჩაინიშნა.

„ჩემი აზრით, მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისში უნდა მიეღო. მაგრამ კიდევ გადადო 25 აგვისტომდე, დღეს ნახევარ საათში მორჩა პროცესი. შეეძლო, გასულიყო სათათბიროდ და გადაწყვეტილება გამოეცხადებინა. 25 აგვისტოს ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ყველაფერი ხელის გულზე დევს და მოსამართლემ ამ პროცესებზე ყველაფერი ნახა, იქნება ეს ვიდეომტკიცებულებები თუ ექსპერტიზის დასკვნა. საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, რაც ღიმილისმომგვრელი იყო, სრული აბსურდი გაიმეორეს ისევ და იხვეწებიან გამოშვებას, ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც ძალადობდნენ ოჯახზე და პატარა ბავშვის თანდასწრებით თავს დაგვესხნენ. რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, როდესაც მე და ჩემი კოლეგები დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ. ერთხელ და სამუდამოდ პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის პასუხი აგონ დამნაშავეებმა“, – აღნიშნა ვახო სანაიამ.

სასამართლოს შენობასთან ვახო სანაიასთან ერთად მისი კოლეგები, ახლობლები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები.

მან გუშინ, 12 აგვისტოს, დაწერა, რომ, სავარაუდოდ, სასამართლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას აპირებს და ამ მიზეზით გადმოიტანა პროცესი აგვისტოში. ივლისში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფონზე, სანაიას თქმით, მასზე თავდამსხმელებს ვერ გამოუშვებდნენ.

სანაია აცხადებს, რომ დამნაშავეების დაუსჯელობას არ შეეგუება. როგორც ის ამბობს, ეს არ არის მხოლოდ მასზე თავდასხმა და ასეთი ფაქტების დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე.

გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ თავს. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობას მიმართა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.

პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.