საქართველო ბოლო ადგილზეა ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში - ანგარიში

პუბლიკა

2022 წლის მედიაწიგნიერების ინდექსში საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა. მედიაწიგნიერების ინდექსი შედგენილია „ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuPI) და „ღია საზოგადოების ინსტიტუტი – სოფიას“ მიერ. ინდექსი აფასებს ყალბი ამბების მიმართ მდგრადობის პოტენციალს ევროპის 41 ქვეყანაში.

ანგარიშში პირველ ადგილზე ფინეთია, შემდეგია ნორვეგია, დანია, ესტონეთი, შვედეთი  და ირლანდია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „ამ ქვეყნებს აქვთ უმაღლესი პოტენციალი, გაუძლონ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის უარყოფით გავლენას განათლების ხარისხის, თავისუფალი მედიისა და ხალხის მაღალი ნდობის გამო“.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო ადგილებზე გასულ ქვეყნებს აქვთ დაბალი პოტენციალი, გაუმკლავდნენ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის შედეგებს, ძირითადად, მედიის თავისუფლებისა და განათლების სფეროში არასაკმარისი მუშაობის გამო.

41 ქვეყანას შორის საქართველოსთან ერთად ბოლო ხუთეულშია ჩრდილო მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი.

უკრაინა 29-ე ადგილს იკავებს, მოლდოვა – 34-ე ადგილზეა, თურქეთი – 36-ეზე.

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოებები, რომლებიც ყველაზე დაუცველია ყალბი ამბების გავლენის მიმართ, ამავე დროს ყველაზე ნაკლებად წუხს დეზინფორმაციის გავრცელებასა და გავლენაზე“, – თქვა მარინ ლესენსკიმ, მოხსენების ავტორმა. მისივე თქმით, „ეს ზრდის ასეთ ქვეყნებში დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებს, განსაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში, რადგან საზოგადოების ნაწილი ვერ აცნობიერებს ან უბრალოდ უგულებელყოფს თავის დაუცველობას“.

ავტორთა ცნობით, ანგარიში შედგენილია მედიის თავისუფლების, განათლებისა და ხალხში ნდობის ინდიკატორების გამოყენებით. ამ მაჩვენებლებს შორის ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება მედიის თავისუფლებასა (Freedom House და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე) და განათლებას (PISA).

LB loan image desktop LB loan image mobile