საქართველოს ხელისუფლებისთვის მსგავსი მძიმე მოსმენა სენატში არ ყოფილა - ბოკერია

პუბლიკა

არც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებისათვის არათუ მსგავსი, ამასთან მიახლოებული მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში  – ბოკერია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, აშშ-ის სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის ჯერ არ ყოფილა ასეთი მძიმე საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ სენატის გუშინდელი მოსმენა, ეს არის ვარდების რევოლუციამდელ პერიოდში, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში, საზოგადოებამ ეს უნდა გამოიყენოს და ეცადოს, რომ მსგავსი გარე ზეწოლა, შიდა პროტესტთან ერთად, გახდეს ფაქტორი, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიდეს გონს.

„ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო, რომელიც ბევრი ფაქტორის, ჩვენი საზოგადოების მიღწევების გამო, არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, საზოგადოების მიღწევების გამო, „ვარდების რევოლუციის“ და იმის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის გამო, ყველა მძიმე ჩავარდნის მიუხედავად, 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გამო, ყოველთვის ითვლებოდა დამსახურებულად მკაფიო ლიდერად ამ რეგიონში. და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები ჩვენი მთავარი პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, როგორ წავა საქართველო წინ, ნატოში გაწევრების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.

დღეს მსჯელობა, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის იმაზე, თუ როგორ უფსკულისაკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია. ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ გარეზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონს“, – განაცხადა ბოკერიამ.