იურისტი: ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას კანონის დარღვევით ფლობს

პუბლიკა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 2021  წელს მიიღო, ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, მას ორი წელია არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა.

კონსტიტუციისა და მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს ეს უკვე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი ხდება.

„პუბლიკა” ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე, IDFI-ს მთავარ იურისტს, გიორგი დავითურს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ფლობა დღეს კანონის და კონსტიტუციის დარღვევაა. 

იურისტი გვეუბნება, რომ პირმა მოქალაქეობის შენარჩუნების, ან დაკარგულის აღსადგენად პრეზიდენტს უნდა მიმართოს, ფარცხალაძეს კი პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.

მაგალითად, შესაძლებელია პირმა შეინარჩუნოს მოქალაქეობა, თუ ის აპირებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და წინასწარ ითხოვს სახელმწიფოსგან თანხმობას, ან მეორე ფორმაა, როდესაც პირმა უკვე მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაბამისად, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და საგამონაკლისო წესით ითხოვს მოქალაქეობის აღდგენას –  იურისტი გვეუბნება, რომ ორივე შემთხვევაში ამას აკეთებს პრეზიდნეტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.

„ერთ ადამიანს ორი ქვეყნის მოქალქეობა ვერ ექნება, თუ ამ საკითხში არ ჩაერია პრეზიდენტი”, – ამბობს გიორგი დავითური.

პრეზიდენტის გვერდით ავლით – როგორ ინარჩუნებს ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას, როცა ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მას პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს?

„მოქალაქეობაზე იყო აქცენტი, ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია ან მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ”, – თქვა ზურაბიშვილმა გუშინ, 18 სექტემბერს. გამოდის, რომ პრეზიდენტისთვის ყოფილ მთავარ პროკურორს მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქე გახდა, ანუ თითქმის 2 წელია, ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით არ მიუმართავს. და არც იუსტიციის სამინისტროს მიუმართავს პრეზიდენტისთვის ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით.

„თუ ფარცხალაძეს ამ მომენტში აქვს საქართველოს მოქალაქეობა, იმ პირობებში, როდესაც მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მას არ გაუვლია შესაბამისი პროცედურები, რომ შეენარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობა, ეს პირდაპირ წინააღდმეგობაში მოდის საქართველოს მოქალაების შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნებთან. ფარცხალაძეს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შეწუყდეს საქართველოს მოქალაქეობა”, – თქვა გიორგი დავითურმა.

იურისტი გვეუბნება, რომ მოქალაქეობის შეწყვეტის აღსრულებაზე პასუხისგებლობა ისუტიციის სამინისტროს ეკისრება, სწორედ სამინისტროს ევალება ის, რომ სხვისი მიმართვის საფუძველზე, ან თავისი ინიციატივითაც, მოამზადოს შესაბამისი დასკვნა და დაიწყოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები ფარცხალაძისთვის.

რატომ „ვერ გაიგო” იუსტიციის სამინისტრომ ამ დრომდე ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ? რატომ არ „უწყვეტს” სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობას ყოფილ მთავარ პროკურორს ? 

იურისტი გიორგი დავითური ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შეუძლია თავი რამდენიმე მიზეზით „გაიმართლოს” – თუ რატომ „გამორჩათ” ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ.

მაგალითად, თქვან, რომ ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ „არ ვიცოდით, არ გავრცელებულა ინფორმაცია საჯაროდ, არავის მოუმართავს და არ მაქვს წვდომა რუსეთის მონაცემთა ბაზებზე”

„როდესაც მოქალაქე სხვა სახელმწიფოს მოქალქეობას იღებს, შეიძლება ასე ავტომატურად მონაცემთა ბაზებში ცნობილი არ გახდეს, შეიძლება ერთი თვე დაგვიანდეს, ორი თვე, ჩავთვალოთ, ფარცხალაძის შემთხვევაშიც „გამორჩათ”, არ იცოდნენ, დღეს ხომ იციან, ამას ხანდაზმულობა არ აქვს, მათ იციან, რომ ფარცხალაძეს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და დღესაც ვალდებულები არიან, რომ ეს გააკეთონ, კანონი ირღვევა დღემდე და დაირღვევა მანამ, სანამ ამას არ გააკეთებენ”, – თქვა გიორგი დავითაურმა. 

იურისტი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შეეძლო ამ საკითხის მოკვლევა ჯერ კიდევ 6 თვის წინ დაეწყო, როცა ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე გახდა რუსეთის მოქალაქე, თუმცა მისი თქმით,  „სამინისტრო დღეს უკვე ვალდებულია დაიწყოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები”, როცა უკვე პრეზიდნეტმაც დაადასტურა, რომ მისთვის ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე არავის მიუმართავს.

იურისტის თქმით, უნდა დაიწყოს მოკვლევა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ შეუწყდა ფარცხალაძეს ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეობა.

„უნდა გამოიკვლიონ, რატომ ვერ გაიგეს ამდენი ხანი? მე მაგალითად, სუს-ს მოვთხოვდი, მტერი ქვეყნის მოქალაქეობას რომ იღებს ყოფილი მთავარი პროკურორი რატომ არ გამაგებინე-მეთქი? რატომ არ ვიცოდი ეს? სუსმა, რომ თქვას ინფორმაცია არ მქონდაო, ეს გამორიცხულია”, – თქვა დავითურმა.

იურისტი ამბობს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტა ახლა ფორმალურადაა გასაფორმებელი , ფორმალიზმია მოსაგვარებელი, სხვა მხრივ ის საქართველოს მოქალაქე არ არის და არც აშშ-ს დაუსანქცირებია საქართველოს მოქალაქე.

რა ხდება, თუ ფარცხალაძეს მაინც არ შეუწყვეტენ მოქალაქეობას? 

იურისტი ამბობს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას ამჯერადაც არ დაიწყებს, შესაძლებელია შემდეგ მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტშიც დაიბარონ, შესაძლებელია იმპიჩმენტიც.

„ფარცხალაძეს თუარ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, წესით ინტერპელაციის წესით უნდა დაიბარონ იუსტიციის მინისტრი და მოსთხოვონ პასუხი. როცა სამართალი უკანა პლანზე იწევს, შემოდის პოლიტიკური კონტროლი. შემდეგ ამ ყველაფერს შეძლება მოჰყვეს მინისტრის იმპიჩმენტიც. 

გიორგი დავითურის თქმით, სამინისტროს მხრიდან დღეს მოკვლევის არ დაწყებაც არის კანონის უხეში დარღვევა.

„პუბლიკამ“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა შეკითხვით – აპირებს თუ არა უწყება ყოფილი პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას, პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

მანამდე კი, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 სექტემბერს თქვა, რომ „როგორც იცის საკითხის შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს”.

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.