საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად ევროპარლამენტში ჯგუფის შექმნას ვფიქრობთ - კუბილიუსი

პუბლიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის ინიციატივით ევროპარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არაფორმალური ჯგუფის შექმნა განიხილება.

როგორც ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ჟურნალისტებთან ამბობს, სასოლიმ ინიციატივა საქართველოში არსებული სიტუაციით დაინტერესებულ ევროპარლამენტარებთან განიხილა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და ყველა მათგანმა ჯგუფში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

„პრეზიდენტმა სასოლიმ შემოგვთავაზა გვქონდეს ასეთი არაფორმალური სკაონტაქტო ჯგუფი. ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ყველამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მივესალმებით ასეთ ჯგუფს, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებიდან, მაგრამ შევთანხმდით, რომ საერთო მიზანია საქართველოს დახმარება. კრიზისი უნდა დასრულდეს – ეს არის ჩვენი მიზანი.

ამ ეტაპზე საქართველოში არ მივდივართ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, ქართველები ჩამოვიდნენ აქ. დაეხმარება ეს პროცესს? ეს დამოკიდებულია იმაზე, სურთ თუ არა პოლიტიკურ ძალებს გამოსავლის მოძებნა. ჩვენ ძალიან გვინდა დავეხმაროთ საქართველოს. ძალიან ბევრი ემოცია და პრობლემაა, მაგრამ კომპრომისია საჭირო“, – განაცხადა კუბილიუსმა ტელეკომპანია „იმედთან“.

არაფორმალური ჯგუფის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა. მისი თქმით, ჯგუფი ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ევროპარლამენტარები ამაზე მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, თუკი საქართველოში მიშელის მედიაციის მიუხედავად კრიზისი ვერ გადაიჭრა, ევროპარლამენტარების ჯგუფი შესაძლოა, თბილისში ჩამოვიდეს, ან ქართველ პოლიტიკოსებს სთხოვონ რომელიმე ევროპულ ქალაქში შეკრება.

„სასოლის სურდა ჩვენი პოზიცია სცოდნოდა. ის ფიქრობს, რომ ევროპარლამენტმა კრიზისის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს. შეხვედრა შედგა, რა იქნება და როგორი ფორმით მომავალში, ეს ჯერ არ ვიცი. ფორმალური ჯგუფის შექმნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ საუბარს გავაგრძელებთ.

ვსაუბრობთ მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და ვცდილობთ, მალე გადაიჭრას კრიზისი. დავაკვირდებით მოლაპარაკებებს და ვიქნებით ძალიან ბედნიერები, თუ კრიზისი გადაიჭრება. თუ არადა ვიფიქრებთ თბილისში ჩვენს ვიზიტზე ან ქართველი პოლიტიკოსების ჩამოსვლაზე ბრიუსელში ან რომელიმე ევროპულ ქალაქში“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის დევიდ სასოლის ინიციატივით ევროპარლამენტარების შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრას წინ უძღუდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში.

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ქართულმა დელეგაციამ ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ცალკეული შეხვედრები გაიმართა შარლ მიშელთან, ჯოზეფ ბორელთან, დევიდ სასოლისთან, მარინა კალიურანდთან და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებთან. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც.

ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის პარალელურად, თბილისში შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკება გრძელდება თბილისში. თუმცა, ჯერჯერობით დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.