საქართველოში პირველი თეატრალური ბანაკი პრემიერით დაიხურა

პუბლიკა

საქართველოში პირველი თეატრალური ბანაკი 1 ოქტომბერს პრემიერით დაიხურა. ორგანიზატორთა ცნობით, ერთი თვის განმავლობაში „არტ რესპუბლიკის“ ფარგლებში, ბანაკური სისტემით, ერთად ცხოვრობდნენ და სპექტაკლზე მუშაობდნენ დრამატურგები, რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები და კომპოზიტორები.

„ალტერნატიული თეატრის შექმნა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ზოგჯერ მგონია, რომ, რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა ასეთი სივრცის შექმნა. ამ სურვილმა კონკრეტული სახე მიიღო და არტ რესპუბლიკად იქცა პანდემიის პერიოდში. სწორედ ამ დროს შემოვიკრიბე თანამოაზრეები, რომელთა გარეშეც ბაზალეთის არტ ბანაკი ვერ შეიქმნებოდა. მადლობა ოთარ ეგაძეს, ირაკლი სოლომონაშვილს და აკაკი ბერიას – ნდობისთვის და არტ რესპუბლიკის იდეის რწმენისთვის. ერთთვიანი ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი ყველამ ერთად ვიხილეთ 1 ოქტომბერი ბაზალეთზე, ლამბერიაში, სპექტაკლით – „რა ვუთხრა მარიამს“. ჩვენი სამომავლო გეგმები გაცილებით ამბიციურია და ბანაკით მხოლოდ დაიწყო ჩვენი იდეა. , – ამბობს რეჟისორი და „არტ რესპუბლიკის“ დამფუძნებელი სანდრო ელოშვილი.

როგორც მსახიობი გიორგი ლიპარტელიანი აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი რეპეტიციები იყო, ცოცხალი დრამატურგებისა და კომპოზიტორების თანდასწრებით, „რომლებიც შენთვის ქმნიან ყველაფერს. შეუძლებელი იყო, ასეთი კარგი ლოკაცია,  ასეთი კარგი სიტუაცია და ასეთი კარგი საშუალებები არ გამოგვეყენებინა. უკეთესი, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს“.

„ძალიან საინტერესოა, წერდე პიესას კონკრეტული მსახიობებისთვის. კიდევ უფრო საინტერესოა, ესწრებოდე პროცესს, თუ რა შეგრძნებას აღძრავს შენ მიერ დაწერილი სიტყვები და როგორ აქცევს ამ შეგრძნებას მუსიკად კომპოზიტორი. როგორ ცდილობს მხატვარი, შექმნას ზუსტად ის გარემო, რომელიც წარმოსახვაში გქონდა. როგორ აცოცხლებს შენს სიტყვებს რეჟისორი. ურთულესი პროცესია აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, თუმცა ნამდვილი დასიც ხომ ეგაა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ერთად მუშაობის სწავლა“, – ამბობს დრამატურგი ნათია სოყურაშვილი.

LB loan image desktop LB loan image mobile