საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე პოზიტიურ ნაბიჯს არ გამოვრიცხავთ - რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა ТАСС-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა გალუზინს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, გალუზინმა კი საპასუხოდ თქვა, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სტაბილური ურთიერთობა ზუსტად პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს. მათ საუკუნოვანი მეგობრობის ტრადიცია აერთიანებთ, კეთილმეზობლური დამოკიდებულება, საერთო ისტორია, კულტურა, რწმენა და მილიონობით ადამიანის ცხოვრების გზა.

ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და აღწევს წარმატებას ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს იზრდება რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოშიც.

2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ თბილისის მიერ აღებულ კურსს და ახლა, რთული გარეფაქტორებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება.

გასული 11 თვის მონაცემებით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 1,5-ჯერ გაიზარდა და $2.2 მილიარდს გადასცდა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების სექტორებიც.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის 2008 წელს თბილისის ინიციატივით გაუარესდა და, სამწუხაროდ, მის აღდგენას კვლავ პოლიტიკურ მოთხოვნებთან აკავშირებს, რაც რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას ვერ შეესაბამება. ასე რომ, ბურთი კვლავ ქართული მხარის მოედანზეა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“, – განაცხადა გალუზინმა.