„საქპატენტის” თავმჯდომარედ წულუკიანის ყოფილი მოადგილე, სოსო გიორგაძე დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

„საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.


აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 29 სექტემბერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინციდენტი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.

დავით წიკლაური ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არა თეა წულუკიანს, არამედ მის მოადგილეს სოსო გიორგაძეს მიაყენა.

წიკლაურის თქმით, მინისტრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ორჯერ მიაყენა – ერთხელ კაბინეტში და მეორედ „დიდ ოთახში“, სპორტსმენებისა და მწვრთნელების თანდასწრებით.

ის ამბობს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხად წულუკიანს „უზრდელი ქალი“ უწოდა, რის გამოც სოსო გიორგაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „მისკენ წაიწია“,  რასაც წიკლაურის თქმით, „საკადრისი პასუხი გასცა“.