საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 929 581-ია

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) – კაცი.

საქსტატის ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38% (1 487 350 კაცი).

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6%), 10-14 (7.4%) და 30-34 (7.2%) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე, ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 ადამიანი) და ქვემო ქართლის (441 630 ადამიანი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება – მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.