საქსტატი 2024 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს

პუბლიკა

2024 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1,2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური  ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9 პროცენტი), თევზეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.7 პროცენტი);

  • ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.5 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (0.8 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4 პროცენტი);

  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.6 პროცენტიანი კლება, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-1.6 პროცენტი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, ამ შემთხვევაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ჯანმრთელობის დაცვა.