სასამართლომ ბალდის კანიონის მცველებზე თავდამსხმელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

საპროტესტო კარავზე შეიარაღებული თავდასხმის სასამართლო დასრულდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონზე თავდამსხმელ გელა ხურცილავას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მისმა ძმამ, გიგა ხურცილავამ საპატიმროში 9 თვე გაატარა მოსახლეობის მიმართ მუქარისთვის. გიგა ხურცილავა უკვე თავისუფალია.

ორივე მათგანი ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ თანამშრომელია.

მოძრაობა „ბალდის კანიონის გადასარჩენად” წერს, რომ თავდამსხმელებს სასამართლოში ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის ადვოკატები იცავდნენ.

„სასამართლო სხდომებზე ცხადად გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მისია არა ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა ბალდელი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, კომპანიის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდამსხმელებს დანაშაული არ ეღიარებინათ. კომპანიის ადვოკატები ხელს უშლიდნენ მხარეებს შორის კომუნიკაციასაც.

მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, „კანიონი 350-ის“ ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, თითქოს, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მინდია ბჟალავა თავად მიეჭრა თავდამსხმელს და მისთვის დანით მიყენებული 7 ჭრილობა უბრალოდ ნაკაწრები იყო“. – წერს მოძრაობა.

2024 წლის 11 ივნისს მარტვილში, სოფელ ბალდაში, თავს დაესხნენ კარავში შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც იმ დროისთვის უკვე 7 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ ბალდის კანიონის გასხვისებას.

მაშინ აქტივისტმა ცოტნე თვარაძემ თქვა, რომ კარავში თავდასხმამდე სანადირო თოფითა და დანებით შეიარაღებულმა პირებმა დაჭრეს ორი ადამიანი.

ფოტოზე: მინდია ბჟალავა

ეს დაადასტურა პროკურატურამაც. უწყებამ განაცხადა, რომ აქტივისტ ინდიკო ბჟალავაზე „განაწყენებული გელა ხურცილავა შურისძიების მოტივით, ძმასთან გიგა ხურცილავასთან ერთად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ინდიკო ბჟალავას და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ერთ-ერთ მათგანს – მინდია ბჟალავას კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა”.

11 ივნისს ინდიკო ბჟალავაც დააკავეს მუქარის ბრალდებით. პროკურატურის მტკიცებით, მან „გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”. უწყების თანახმად, სწორედ ამის გამო იყო განაწყენებული გელა ხურცილავა. ინდიკო ბჟალავა 19 სექტემბერს გირაოთი გათავისუფლდა.

სოფელ ბალდის მოსახლეობა მე-500 დღეს ატარებს საპროტესტო კარავში მოთხოვნით: გაუქმდეს იჯარის უკანონოდ გაცემული ხელშეკრულება;