რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ბელორუსის შეიარაღებული ძალების დანაყოფი.
გარდა ამისა, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ბელორუსში მცხოვრებ რუსებს და რუსეთში მცხოვრებ ბელორუსებს შეეძლებათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა როგორც ამომრჩევლის, ისე კანდიდატის სტატუსით.
პუტინმა და ლუკაშენკომ შეთანხმებით დაადასტურეს „ყველა სფეროში პარტნიორობის გაფართოების მუდმივი ვალდებულება”.
„ქვეყნები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ურთიერთობების მრავალპოლარული სისტემის შემდგომ ჩამოყალიბებას”.
მათ დაგმეს „ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკის აგრესიული და კონფრონტაციული ხასიათი”.
ხელმოწერილი დოკუმენტით პუტინმა და ლუკაშენკამ ყურადღება გაამახვილეს „მტრულ ნაბიჯებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის”.
„რუსეთი და ბელორუსი დსთ-ის სივრცეში ინტეგრაციული კავშირების გაღრმავებას აპირებენ”.