სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

პუბლიკა

სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა, – განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, სადაც ისმის, რომ ნიკოლოზი არაეთიკური ტერმინებით ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება დასჯადად რომ შევაფასოთ, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, და ეს უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში… შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, ეს სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის”, – განაცხადა მოსამართლემ განმარტებისას.

რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის ბრალდებას, მოსამართლემ აღნიშნა:

„[ამერიკის შეერთებულ შტატებში] მომხდარი ფიზიკური ძალადობის ეპიზოდზე, სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით ფარული ვიდეოჩანაწერის გაკეთების შემდგომ ნელი დოროყაშვილი წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილებაში და ამ ჩანაწერს წარადგენდა. თუმცა ვნახეთ რა, ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება ორი წლის შემდგომ, საქართველოში. ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაცვლად იმისა, რომ დოროყაშვილს ძალადობის ამ შემთხვევის დასრულების შემდეგ ეს ჩანაწერი წაეღო პოლიციაში, ის წავიდა დაბადების დღეზე.

„სადაც, როგორც მან აგვიხსნა, ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა არც უნარი, 1-1/5-საათიანი ძალადობის შემდეგ – ხელებით, ფეხებით, თმის თრევით შემდგომ, თუმცა ის მიდის დაბადების დღეზე, – განაცხადა მოსამართლემ.


გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი. სასამართლო სხდომის დარბაზში გადაწყვეტილება მოისმინა ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდზე ედავებოდა. მათ შორის ერთ-ერთია, 2020 წლის 21 მაისის შემთხვევა, რა დროსაც ჩოგბურთელი პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით კი სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე სასამართლო განხილვები თითქმის ორი წელია გრძელდება. გუშინ გაიმართა ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულის საბოლოო სიტყვასაც მოუსმინა მოსამართლემ. ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით სხდომის ეს ნაწილი დაიხურა. დაზარალებული ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა სასამართლო პროცესზე მისივე მოთხოვნით ღია იყო.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile