ძალადობაში ბრალდებულმა ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაზე სხდომის დახურვა მოითხოვა

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელი სხდომის დასკვნით ეტაპზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა მიმართოს მოსამართლეს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა სხდომის ამ ნაწილის დახურვის შესახებ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს ეხება – იქ აღნიშნულია, რომ ის ღელავს თავისი შვილის საუკეთსო ინტერესებზე, მეტწილად სტრესავს აღნიშნული ფაქტების გახსენება, უჭირს საუბარი, ემოციების გადმოცემა და სხვა გარემოებები… ეს ყველაფერი აღწერილია დასკვნაში. შესაბამისად, ეს თუ იქნება საჯარო, ღია პროცესი, უარყოფითად აისახება ბრალდებულზე, არასრულწლივანზე და პირადი ცხოვრების შესახებ ზოგად ინფორმაციებზე … რასაც უნდა შეეხოს ბრალდებული თავის საბოლოო სიტყვაში, ამიტომ გთხოვთ პროცესის დახურვას, “- მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს.

საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს ჩვენება რამდენიმე კვირის წინ მისცა. მას მოსამართლემ შესთავაზა სხდომის დახურვა, მაგრამ დაზარალებულმა უარი თქვა და სასამართლოში მისი გამოკითხვის ყველა ეტაპი საჯარო იყო.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა [ნელი] დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა.

პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. საქამეზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. 

LB loan image desktop LB loan image mobile