გადაწყვეტილების მოლოდინში | ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა

თათია ხალიანი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი. სასამართლომ ის გამოჰკითხა. პროცესი ღია იყო.

ბოლო სხდომებს, სადაც სასამართლო უკვე ბრალდებულის დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდა და მოწმეების ჩვენებებს ისმენდა, თავად ჩოგბურთელიც ესწრებოდა.

პროკურატურამ ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინა ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდზე ედავება. მათ შორის ერთ-ერთია, 2020 წლის 21 მაისის შემთხვევა, რა დროსაც ჩოგბურთელი პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჩოგბურთელის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არასოდეს უძალადია ნელი დოროყაშვილზე.

რა ხდებოდა ბოლო სასამართლო სხდომებზე – დაცვის მხარის მოწმეები

სასამართლო სხდომაზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის დაცვის მხარის პირველი მოწმე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია იყო. მოწმის გამოკითხვა საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ორი სასამართლო სხდომა დასჭირდა.

პროცესზე ნატალია ნაჭყებიამ ვრცლად ისაუბრა თავისი შვილისა და ნელი დოროყაშვილის გაცნობის/დაქორწინებისა და თანაცხოვრების შესახებ. მან ნელი დოროყაშვილთან მიმოწერებიც წაუკითხა მოსამართლეს. მისი თქმით, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულთან.

„ჩემი მხრიდან ძალიან დიდი სიყვარული და ზედმეტი თანაგრძნობაც კი იყო ნელის მიმართ. ჩემი მიმოწერა სულ იწყებოდა სიტყვებით – „ჩემო საყვარელო“, – თქვა პროცესზე ნატალია ნაჭყებიამ.

ბრალდებულის დედამ სხდომაზე თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია ნიკოლოზ ბასილაშვილს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ეძალადა ნელი დოროყაშვილზე ან დაემცირებინა ის. ამბობს, რომ არ შესწრებია ასეთ შემთხვევას და ამაზე ინფორმაციაც არ ჰქონია. ასევე მან უარყო, რომ ჩოგბურთელი ნელი დოროყაშვილს მუშაობას უკრძალავდა ან ბარათებს უბლოკავდა.

მან თქვა, რომ ნელი დოროყაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სანამ დაზარალებულმა მის მიმართ ბავშვზე ძალადობის მოტივით შემაკავებელი ორდერისთვის არ მიმართა პოლიციას. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიმართ ორჯერ იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი – 2019 წელს და 2020 წელს.

მან ასევე გაიხსენა ის დღე, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს: ფიზიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდი – 2020 წლის 21 მაისი. ნატალია ნაჭყებია ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ უძალადია ნელი დოროყაშვილზე, პირიქით „ძალადობა იყო ნელის მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობა“. შემთხვევის დროს, როგორც ნატალია ნაჭყებია ამბობს, სახლის მეორე სართულის ვერანდაზე იყო და იქიდან უყურებდა, რა ხდებოდა ეზოს გადაღმა, ქუჩაში, თუმცა, დარწმუნებით უჭირს თქმა, ნამდვილად შეეძლო თუ არა, დაენახა ყველაფერი, რაც მანქანასთან ან მის შიგნით ხდებოდა. ის ასევე ამბობს, რომ იმ დღეს ნელი იყო აგრესიული და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის გამოკითხვის შემდეგ სასამართლომ მოუსმინა მის ძმას თენგიზ ბასილაშვილს. მანაც ძირითადად ისაუბრა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ არის მოძალადე, პირიქით, დაზარალებული ეჭვიანობდა მასზე და ემუქრებოდა მის ძმას.

„… ეს იყო ძალიან დიდი პროცესი მუქარების, რომ კარიერას დაუნგრევდა, დედას უტირებდა, ყველაფერს იტყოდა“, – თქვა პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ.

სასამართლომ ასევე მოუსმინა თენგიზ ბასილაშვილის ცოლს და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს. მათაც დაზარალებულის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს.

სხდომებს ესწრებოდა ნელი დოროყაშვილიც. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმის ჩვენება იყო სიცრუე.

ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნელი დოროყაშვილს 2018 წლიდან ერთად აღარ უცხოვრიათ. 2020 წლის მაისში, ფიზიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდის დროს, რომელზეც ჩოგბურთელს ბრალდების მხარე ედავება, საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი და ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილის ნახვის დღეები აქვს განსაზღვრული.

ჩოგბურთელის ადვოკატების მოთხოვნით სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდმა, რომელიც ბოლო კონფლიქტს შეესწრო. ჩოგბურთელის მეგობარი ქალის სახელი და გვარი არ ფიგურირებდა გამოძიების ეტაპზე, როდესაც პოლიცია კონფლიქტის შემსწრე ოჯახის წევრებს დაჰკითხავდა. ის მხოლოდ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა და ჩვენება მისცა. მან დაადასტურა ის, რასაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ამბობდა და გაიმეორა ოჯახის წევრების ვერსია ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით.

„ … გვიან გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, ჩვენება რომ მიმეცა, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ ამ ეტაპზე ეს არ იყო საჭირო”, – თქვა მან პროცესზე.

სასამართლო პროცესზე სიახლე იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანამდე საქმეში არ ყოფილა, თუმცა ის მოსამართლემ განსახილველად დაუშვა. ექსპერტიზის ამ დასკვნის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილი თავად ძალადობდა ფსიქოლოგიურად ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე. ექსპერტის გამოკითხვის დროს პროცესი დაიხურა. თუმცა, ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან თქვა: „დღევანდელი დასკვნით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეუძლია პირს განახორციელოს ფსიქოლოგიური ტანჯვა იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი და ამას წლების განმავლობაში განიცდიდა“.

დაზარალებულის პოზიცია და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა 

რამდენიმე სასამართლო სხდომა დასჭირდა დაზარალებული ნელი დოროყაშვილის გამოკითხვას. მან სასამართლოს დეტალურად მოუყვა ჩოგბურთელთან თანაცხოვრების დროს და ასევე შემდგომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტები.

ნელი დოროყაშვილმა პროცესებზე ისაუბრა იმაზე, რომ ბრალდებული მას გამუდმებით ამცირებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, ემოციურად ძალადობდა მასზე. მისი თქმით, თანაცხოვრების პირველივე დღეებიდან იყო მსგავსი ეპიზოდები, თუმცა, მას უჭირდა დაჯერება, რომ ადამიანი, რომელსაც ცოლად გაჰყვა, ასეთი იყო.

პროცესზე ნელი დოროყაშვილმა მოსამართლეს უთხრა და უჩვენა ვიდეო/აუდიოჩანაწერები, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მას დამამცირებლად ესაუბრება და შეურაცხყოფას აყენებს.

„ვერ ვხვდებოდი, რას ვაშავებდი; ვერ ვიგებდი, მთელი ოჯახი რას მთხოვდა, რა უნდოდათ ჩემგან… მეუბნებოდა: შენ ხარ უშნო, შენ ხარ მახინჯი, შენ უვარგისი ხარ, მოტყლარწული ხარ, შენ არ გამოდგები სამოდელოდ.

მე უნდა დამეჯერებინა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. ყოველდღე ამას რომ გეუბნებიან,  ბუნებრივია, მოქმედებს… გველი ხარ, ცხოველი ხარ და ა.შ.  შენ იჯერებ ამას. მე მართლა ამ დღეში ვიყავი“, – თქვა პროცესზე ნეკა დოროყაშვილმა.

მან ისაუბრა ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ ეპიზოდზე და სასამართლოს მტკიცებულების სახით ტელეფონით მის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი აჩვენა.

როგორც ის ჰყვება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ჩოგნებით სავსე ჩანთა მოუქნია, რასაც ვიდეოჩანაწერიც ასახავს და მერე წყდება. მან პროცესზე რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა „მირტყამდა“ [ჩანაწერშიც ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმა, „რატომ მირტყამ, გამაგებინე“. ისმის ტირილიც]: „არ მოველოდი, რომ ფიზიკურად იძალადებდა, მით უმეტეს, ამხელა ჩანთას მომიქნევდა. ვიყავი საწოლის მარჯვენა მხარეს. ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩოგნების აღება თვითონაც უჭირს, შემდეგ ტანსაც აყოლებს და თვითონაც მეცემა. …ამას ვაკეთებდი [ვიდეოგადაღებას] იმისთვის, რამე რომ დამმართოდა, ყოფილიყო ამის მტკიცებულება – იქნებ, ვინმემ იპოვოს, დამლაგებელმა ან ვინმემ და ნახოს ჩემი ტელეფონი და ის, თუ რა დამემართა. იმ მომენტში ამას ვფიქრობდი“.

ფიზიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდზე, რომელ დღესაც პოლიციამ ძალადობისთვის ჩოგბურთელი დააკავა, ნელი დოროყაშვილი ჰყვება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბავშვის ნახვის დღე ჰქონდა. თავდაპირველად ბავშვი მამას არ გაჰყვა, მაგრამ მასთან საუბრისა და დაპირების შემდეგ, რომ მას მიაკითხავდა წამოსაყვანად, ბავშვი გაჰყვა მამას ავჭალაში. სახლში იმ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მეგობარ ქალთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ნელი დოროყაშვილის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა სოციალური მუშაკიც. ის ჰყვება, რომ მალევე წავიდა ბავშვის წამოსაყვანად. სახლთან რომ მივიდა, ჭიშკრის შიგნიდან ესმოდა ხმები, შემდეგ გამოვიდა ნიკოლოზ ბასილაშვილი ბავშვთან ერთად „აგრესიული სახით“.

„მიჰყავს ბავშვი, ჩასვა მანქანაში, ჩაკეტა მგზავრის მხარე და თვითონ ჩაჯდა მძღოლის სავარძელში. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. ბავშვმა როცა გააცნობიერა, რომ ჩაიკეტა, ტირილი დაიწყო, ხელებს ადებდა მინას. ვეუბნებოდი, ამიხსენი, რა ხდება-მეთქი. მეშინოდა მისი აფექტურობის. ვცდილობდი ბავშვთან მისვლას და გადმოყვანა მინდოდა. მან [ნიკოლოზმა] სახეში შემაფურთხა. ვცადე კარის გაღება, მაგრამ ყვიროდა, მლანძღავდა, ბავშვი კი ტიროდა, ჩემთან უნდოდა. კარი გააღო და მისი ფეხი მომხვდა ფეხში, ვიგრძენი ხელში ტკივილი და თავში დარტყმა. ბავშვს ეწყებოდა სპაზმი. ვიცოდი, რომ ნიკოლოზის ეზოში იყო წყალი. დავიძახე, წყალი დავალევინოთ-მეთქი, წავედი ეზოსკენ. ამ დროს დავინახე, რომ ეზოში ნიკოლოზის მამა ხის საგნით წამოვიდა ჩემკენ, მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით“, – ასე იხსენებს ამ ეპიზოდს ნელი დოროყაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც მოახერხა ბავშის ხელში აყვანა, ამის შემდეგ ტერიტორია სწრაფად დატოვა, გააჩერა პირველივე შემხვედრი მანქანა და წყლისთვის მაღაზიასთან მიყვანა სთხოვა. გზიდან კი დარეკა 112-ში. პოლიციას მოჰყვა  სასწრაფო დახმარების მანქანაც და ბავშვთან ერთად ნელი დოროყაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

საქმეში არის პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენებებიც. ისინი ამბობენ, რომ ნელი დოროყაშვილი ტიროდა და სხეულზე სიწითლეები ჰქონდა.

გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ, პროკურორმა ნათია გურულმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები წარმოადგენს სპეციფიკური კატეგორიის დანაშაულს: „როგორც წესი, ასეთი დანაშაულები დახურულ კარს მიღმა ხდება, არ ჰყავს ბევრი თვითმხილველი. ეს არც სასამართლოსთვისაა უცნობი და არც დაცვის მხარისთვის“.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ნელი დოროყაშვილის მიმართ ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ამ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მიმოიხილა მოწმეების ჩვენებები, მათ შორის ნელი დოროყაშვილის დედის, რომელმაც თქვა, რომ პერიოდულად შვილს სხეულზე სილურჯეებს ამჩნევდა. ისაუბრა ნელი დოროყაშვილის მეგობრეის ჩვენებებზეც, სადაც ისინი ამბობენ, რომ შესწრებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს.

ბრალდების მხარემ თავის სიტყვაში ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

„ექსპერტოს ჩვენებითა და დასკვნით ნელი დოროყაშვილს ჰქონდა პოსტტრავმულ სტრესთან მიახლოებული მდგომარეობა, ასევე დათრგუნულობიდან თავის დაღწევის სურვილი“, – თქვა პროკურორმა.

პროკურორმა სასამართლო სხდომაზე ჩართო აუდიოჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ასახავს რა მდგომარეობაშია და რას ეუბნება ნეკა დოროყაშვილი 112-ის ოპერატორს. ჩანაწერში ნელი დოროყაშვილი ხმა ისმის და ტირილი. ის ამბობს ჩანაწერში, რომ ბავშვის წამოსაყვანად იყო ქმრის სახლში მისული და ქმარმა მას დაარტყა.

რას ამბობს ბრალდებული 

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის ირგვლივ მედიასთან არ საუბრობს.

„სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”, – აცხადებდა ბასილაშვილი მედიასთან. 

დღეს, ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომელიც მეტწილად ღია იყო და მოსამართლის განჩინებით, მხოლოდ არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს იხურებოდა, იყო მოლოდინი, რომ საზოგადოება ნიკოლოზ ბასილაშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა.

თუმცა, ბრალდებულის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვისას სხდომის დახურვის შესახებ. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დასკვნითი სიტყვის მოსმენის საშუალება მედიასა და საზოგადოებას არ მიეცა.