სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების შესახებ. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები დაწესებულებები  დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას ამკვიდრებენ.

„სასამართლოში საქმის განხილვისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეპუნქტი [საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი] დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, ასევე სისტემატურია დეპარტამენტის მსგავსი პოზიციონირება სასამართლოში, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.

დღეს სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიცია, რომ აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას“, – წერია განცხადებაში.

2022 წლის 26 აპრილს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და წარმოშობით ირანელი ქალი აიდა ბალაფკანი მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ანთროპოლოგია, საქართველოში აკადემიური მიზნებისთვის ჩამოვიდა.

ის  პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა კვლევით საქმიანობის დაწყებას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მას საათების განმავლობაში ამოწმებდნენ, უსვამდნენ კითხვებს, არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნის, საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და კონკრეტული განმარტებების გარეშე უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე.

აიდა ბალაფკანი თეირნაში, ირანში, დაიბადა. ის წლებია ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მას და მის მშობლებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვთ. აიდა ბალაფკანი ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია და 2016 წლიდან პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში ტურისტული და აკადემიური მიზნებისათვის. მას საზღვრის კვეთის დროს პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

26 აპრილის გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით, 2022 წლის 6 მაისს აიდა ბალაფკანმა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა.