საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი მკვლევარი ქალი

პუბლიკა

საქართველოში არ შემოუშვეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი ქალი აიდა ბალაფკანი. მის სამართლებრივ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მეცნიერი აიდა ბალაფკანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში თვითნებურად არ შემოუშვა. მათივე შეფასებით, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის სფეროში თვითნებური და, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული პრაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია.

„2022 წლის 26 აპრილს აიდა ბალაფკანი, მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ანთროპოლოგია, საქართველოში აკადემიური მიზნებისთვის ჩამოვიდა. მეცნიერი ქალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა კვლევითი საქმიანობის დაწყებას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების შესასწავლად.

საქართველოს საზღვარზე აიდას მეუღლე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თავისუფლად შემოუშვა, აიდას კი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა. შსს-ს თანამშრომლები მკვლევარ ქალს საათების განმავლობაში ამოწმებდნენ და უსვამდნენ კითხვებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნისა და საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, – ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

აიდა ბალაფკანი თეირნაში, ირანში, დაიბადა. ის წლებია ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მას და მის მშობლებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვთ. აიდა ბალაფკანი ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია და 2016 წლიდან პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში ტურისტული და აკადემიური მიზნებისათვის. მას საზღვრის კვეთის დროს პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

26 აპრილის გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით 2022 წლის 6 მაისს აიდა ბალაფკანმა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლონდონის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ აიდასთვის საქართველო უსაფრთხო ადგილი არ არის და უწყების ამ გადაწყვეტილებით ხელი შეეშალა სამეცნიერო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ აიდა ბალაფკანის მხარდასაჭერად კოლექტიური მიმართვები გააკეთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა და უფრო ფართო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციისთვის მიწოდებულ აიდა ბალაფკანის საქმეზე უარის შესახებ შსს-ს ოფიციალურ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბალაფკანისთვის უარის თქმის საფუძველი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გახდა, რომლის თანახმადაც, უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

„ეს მიდგომა და ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი მოწესრიგება გადაადგილების თავისუფლებაში და სხვა რელევანტურ უფლებებში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის საფუძველს ქმნის და შსს-ს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს.

ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი აღნიშნული თვითნებური პრაქტიკის დისკრიმინაციული მოტივებით გამოყენების შესახებ.

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ირანული სახელი და გვარი ჰქონდა და მისი კვლევის ინტერესის საგანს ეთნიკური უმცირესობების კულტურაც წარმოადგენდა“, – ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შსს-ს: 

  • აიდა ბალაფკანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების თვითნებური შინაარსისა და მაღალი საზოგადოებრივი და აკადემიური ინტერესის გათვალისწინებით, ბათილად ცნოს 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მკვლევარ ქალს საქართველოში შემოსვლის უფლება მისცეს;
  • შეწყვიტოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციური გამოყენება და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვის თვითნებური პრაქტიკა.