სასწრაფო დახმარების 900-მდე ტესტირებული თანამშრომლიდან 7 საეჭვო შემთხვევა გამოიკვეთა – ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად გაივლიან შესაბამის შემოწმებას.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელმა გაიარა. მათგან გამოკვეთილია 7 საეჭვო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შეხება აქვს კოვიდ-19-ის, როგორც დადასტურებულ, ისე საეჭვო შემთხვევებთან. შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოწმდეს ყველა თანამშრომელი. ჩვენს მედპერსონალს აქვს სრული პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, თუმცა აბსოლუტური პრევენციისთვის, ყველა ეკიპაჟის წევრი გაივლის შემოწმებას, რათა დაცული იყოს, როგორც თანამშრომელთა, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ამ ეტაპზე, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.