„საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს“ - ღარიბაშვილი მიატოვიჩს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად კი, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით, “- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.