„საველე ჰოსპიტალში 500 საწოლი გამზადდება" - ეკატერინე ტიკარაძე

პუბლიკა

„საველე ჰოსპიტალში 500 საწოლამდე გაიშლება. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ინფრასტრუქტურა საიმისოდ, რომ საწოლები მომარაგდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა”. – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სამინისტროს კომუნიკაცია აქვს წითელ ჯვართან, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს მოხალისეებთან მუშაობის მხრივ და „მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო დახმარებას“.

ტიკარაძე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტალის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის იგეგმება. „ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოვიყენოთ უკიდურესი საჭიროებისას და კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში“. – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში საველე ჰოსპიტალის მოსაწყობად მზადება დაიწყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ სპორტულ დარბაზში საწოლებსა და სხვა სამედიცინო ინვენტარს.