საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს - აბსანძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე არხიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ თავად ჟურნალისტი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.

„ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს“, – აცხადებს ირაკლი აბსანძე.


ირაკლი აბსანძე 12 ივლისს „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ იგი არავითარ წინაარმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა მიუხედავად ამისა მას ძალით სვამენ პოლიციის მანქანაში, რა დროსაც მას ხელი მოტეხეს. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მოტეხილ ხელზე ოპერაცია დასჭირდა – „მარცხენა მხრის დიაფიზის მოტეხილობა; ხვალ ოპერაცია – მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით“.

ირაკლი აბსანძე, განსაკუთრებით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მძაფრად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წევრებს.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა [საზოგადოებრივ ადგილას ლანძღვა-გინებას] და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.