„სექსუალური ძალადობის შემთხვევები 5%-ითაა გაზრდილი“ | საია ქალების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს

პუბლიკა

ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია 8 მარტთან დაკავშირებით საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს.

საიაში ამბობენ, რომ ქალთა საერთაშორისო დღე, წლებია, ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის თარიღია. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ქალის როლი კი დაკნინებულია.

საიას შეფასებით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას.

„ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების  ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი.

სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება.

ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

გთავაზობთ საიას შეფასებას რამდენიმე საკითხის ირგვლივ:

ფემიციდი 

ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლი არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია.

საიას შეფასებით, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის „ფემიციდის“ ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

2020 წელის 9 თვის მონაცემებით საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ.

„ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი დაკოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოებისეფექტიანობის კოეფიციენტს,“- ამბობენ საიაში.

სქესობრივი დანაშაული

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. საიას შეფასებით, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი.

„მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას.

იძულებითი აბორტი/აბორტის იძულება 

იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.

საიაში ამბობენ, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლითდასჯადი ქმედება.

იძულებითი ქორწინება და ადრეული ქორწინება

საიაში ამბობენ, რომ იძულებითი ქორწინების საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ქორწინება, რომელიც დაიდო ერთი ან ორივე პარტნიორის თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ნების საწინააღმდეგოდ.

საიას შეფასებით, იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, კანონსაწინააღმდეგო ბუნების გარდა, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რადგან ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების შემდეგ მსხვერპლს შეზღუდული აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლება, პირადი ცხოვრება, თავისუფლების უფლება და სხვა.

ოჯახში ძალადობა

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევდათ, რითაც მოძალადეები სარგებლობდნენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებდნენ.

„იმ ფონზე, როდესაც პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ერთი მესამედით გაიზარდა, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა, რაც მსოფლიო ტენდენციის პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნის დასმის საფუძველია.

საგანგებო მდგომარეობისა თუ პანდემიის პირობებში შემოღებული სხვადასხვა ზომები ამცირებდა მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგონებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, “- ამბობენ საიაში.

ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია:

– შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებებისგატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება;

–  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით,  დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისიპროფესიული გადამზადების პროგრამები;

– შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;

– საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითიაბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.