შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჩაანაცვლა.

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა თეა წულუკიანმა მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა და კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა შალვა პაპუაშვილს და აღნიშნა, რომ მის კანდიდატურას მან და ალეკო ელისაშვილმაც დაუჭირეს მხარი. იოსელიანის თქმით, შალვა პაპუაშვილი კეთილსინდისიერი ადამიანია.

„მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მე მას მხარე. არ ვიცი კიდევ ვინმეს თუ ექნება ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.