შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და ის არის თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ს ცნობით, 31 ივლისს დანაშაულის ადგილიდან ამოღებული იქნა დანა, სხვადასხვა სამხილი და ბიოლოგიური ნიმუში.

„ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ნანახი იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ – კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები. ასევე, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და კვლებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები“, – აცხადებს შსს.

მათივე თქმით, გამოკითხვების შედეგად შეიქმნა ფოტორობოტი, შედგა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტი, დაათვალიერეს სათვალთვალო კამერები. საქმეში ჩართული იყო საერთაშორისო საპოლიციო ძალებიც.

საგამოძიებო უწყების თქმით, ბრალდებულის ვინაობის დადგენა ბიოლოგიური ნიმუშების გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად გახდა შესაძლებელი.

„შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.


ავსტრალიელი შანაი ბრუკი 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, საღამოს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

ის საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.

ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შსს ბრუკზე თავდამსხმელს ეძებდა, გამოძიებას კი განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებდა.