შემოვიტანე კანაბიდიოლის შემცველი ზეთი. ჩემს ინტერესშია, აღძრათ საქმე და გავარკვიო, რას ედავებით ხოლმე ადამიანებს – ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 10 დღის წინ ესპანეთიდან  შემოიტანა CBD-ის შემცველი ზეთი, საზღვარზე არ შეჰქმნია რაიმე პრობლემა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო დღემდე შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას.

მას მიაჩნია, რომ CBD-ს მიღებისა და მისი შემცველი პროდუქციის დამზადება/რეალიზაციის მთელი ციკლი უნდა იყოს ლეგალური. ის facebook-პოსტში ამბობს, რომ აინტერესებს, აღძრავენ თუ არა მის წინააღდეგ საქმეს და რა მუხლით.

„10 დღის წინ შემოვიტანე CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით. ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე).

მაინტერესებს რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე). ჩემს ინტერესშია, რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია. არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა.

თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო”, – წერს ის.

მისივე თქმით, ტრადიციულად, კანონმდებლობა გარკვევით და გასაგებად არაფერს ამბობს და სხვადასხვა სახელმწიფო სქტრუქტურები იქცევიან ისე, „როგორც გაუსწროდებათ”.

„ამ ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელიც იყენებს CBD-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად, და უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც CBD-ს მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი შვებისმომგვრელი”, – წერს ის.