შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს - მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი ბოლო დროს მედიაზე თავდასხმის შემთხვევებს გამოეხმაურა. ნარიმანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად როგორც მიიჩნევდა, ჟურნალისტების მხრიდან დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტიც გამხდარა, ლიბერალური დემოკრატიის არსებობისთვის მედია უმნიშვნელოვანესია და ამ თავდასხმებს „შეშფოთებული ადევნებს თვალს“.

„საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის „მსხვერპლი“.

თუმცა, მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, – წერს დავით ნარიმანიშვილი.