შეთანხმება არაა, მედიატორი ტოვებს ქვეყანას და ამაში დამნაშავე არის „ოცნება“ - ვაშაძე

პუბლიკა

დღეს, თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკების და დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმების ჩაშლაში მთავარი როლი „ოცნების“ პოზიციამ შეასრულა, ოპოზიცია კი კონსტრუქციული იყო და სურდა შეთანხმების მიღწევა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა და ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამაში დამნაშავეა „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა ვისთან აქვს საქმე.

ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატურად არ არის აღქმული ის მძიმე სიტუაცია, რომელიც ქვეყანაშია. პირადპირ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი აჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, ჩვენ სამწუხაროდ „ოცნების“ მხრიდან საქმე გვაქვს ვიწროპარტიული ინტერესების გატარებასთან.

აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება ქვეყანასთან დაკავშირებით, რისი მიღწევა უნდათ. ვფიქრობ, რომ ამისი შედეგი, დღეს რასაც ისინი აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთთან. ყველამ დაინახა, მედიაციის მხარემ, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისა და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ოცნებისგან“ ამ პროცესში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.