შეთანხმება უკანონოა და რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას ემსახურება - საგარეო მოსკოვისა და სოხუმის ახალ პროგრამაზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ“ შეთანხმებას ეხმაურება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ პროგრამის დამტკიცება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს რეგიონის რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთში 12 ნოემბერს ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა დამტკიცდა.