შევაბრძანდებთ ციხეში, ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში - პრემიერი სააკაშვილზე

პუბლიკა

„ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ და დავაწყნარებთ. იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს როცა გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების მოსალოდნელ რეაქციაზე ჰკითხა.

„ჩვენ არავის არ შევეკითხებით, პირდაპირ ვაცხადებ, კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც 20% ჩვენი ტერიტორიების დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უცხოელი მეგობრები სააკაშვილს დაჟინებით თხოვენ და ემუქრებიან, რომ თბილისში არ ჩავიდეს. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი თანაპარტიელებისთვის განკუთვნილი შოუა.

„როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მოწინააღმდეგე სააკაშვილის, რა პრობლემაა საერთოდ? არეულობით იმუქრებიან? ვინც გაბედავს საერთოდ არეულობას ჩვენს ქვეყანაში და არეულობის მცდელობა ექნება, სახელმწიფო კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ თითქოს არეულობა მოხდება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანდებთ ციხეში, ძალიან მარტივად, ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.