შევასრულეთ მედიატორის თხოვნა, რომ თანხა შესულიყო დამოუკიდებელი ორგანიზაციიდან | საია მელიას გირაოს გადახდაში მონაწილეობაზე

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის პროცესში საია-ს როლს განმარტავს. სიმონიშვილის თქმით, ნიკა მელიას ფული გადაიხადა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ფონდმა თანხა საიას ანგარიშზე დარიცხა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი ის ბიუჯეტში შეიტანა.

„ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა, რომ ეს თანხა ჩვენი გავლით, ისეთი ორგანიზაციის გავლით მისულიყო ბიუჯეტში, რომლის დამოუკიდებლობაც კითხვებს არ აჩენს.

ეს თანხა ჩვენ გადავრიცხეთ ბიუჯეტში და ჩვენი მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან. ეს თანხა გადარიცხულია და ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რატომ დავთანხმდით ამ პროცესში მონაწილეობას.

დავთანხმდით იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში. ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია, გაღრმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ესკალაცია მოხდა განსაკუთრებით ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ. ამ ფაქტის შემდეგ, ჩვენ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და ვითარების ამ გზით განმუხტვა.

მაშინ, როცა ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, საჭირო იყო, რომ ჩვენ დავხმარებოდით მედიატორს მისი სრულად იმპლემენტაციისთვის. ამიტომ, როცა დასჭირდა მედიატორს ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა ყოფილიყო გადახდილი, თავი ჩავთვალეთ ვალდებულად, რომ დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად ამ თანხამ გაიარა ჩვენი ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენგან მოხვდა ბიუჯეტში.

ჩვენ კვლავ ერთგულები ვრჩებით ჩვენი შეფასების, რომ თავის დროზე ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოყენებული ღონისძიება აღკვეთის სახით არ იყო დასაბუთებული, პარლამენტის გადაწყვეტილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ იყო სრულად გააზრებული და მიზანშეწონილი, რამაც გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია.

ასევე ჩვენ ცალსახად გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტით არც ნიკა მელიას დანაშაულობაზე და არც უდანაშაულობაზე არ ვუსვამთ ხაზს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვყავს და რომელიც გვინდა მივიღოთ. ვფიქრობთ, რომ მისი მიღება შესაძლებელია იმ დოკუმენტის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტიებმა ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯერჯერობით თანხა ანგარიშზე ასახული არ იყოს, დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდან, რომ თანხა გაგზავნილია და არის შესაძლებლობა, პროკურატურამ უკვე მიმართოს სასამართლოს მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით.

ასევე, საია-ს თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი პასუხისმგებლობით შეხედონ 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის საკითხს და მის გავრცელებას ისეთ მუხლებზე, რომლებმაც საია-ს ბენეფიციართა უფლებები დაარღვია. თუმცა, იმედოვნებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება ამ საკითხის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.

დღეს „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.