შევთავაზოთ მსოფლიოს, რომ აქ შეიქმნას უძველეს ქალაქთა შემსწავლელი ცენტრი - კახაძე

პუბლიკა

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ მას აზრი ჰკითხა ინიციატივაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობითობის შემსწავლელი ცენტრი.

მისი აზრით, აღნიშნული დედამიწაზე მცხოვრები ქვეყნების ურთიერთპატივისცემის აღდგენის საფუძველს გააჩენს.

„ლოგიკურად, დედამიწას ისტორია უნდა აერთიანებდეს. საერთო ისტორიის ჩამონავლები არის ის სახელმწიფოები, რომლებიც სახლობენ. მაგრამ ყველა თავის ისტორიას წერს სხვათა ისტორიის გაუთვალისწინებლად ან შეურაცხყოფის მიზნით და ისტორიის გადაკეთებას აქვს ადგილი, რომელიც უპასუხოდ რჩება.

მე მინდა თქვენი აზრი წინადადებაზე – ჩვენი ქვეყანა, იმ პლატფორმებზე, სადაც ჩვენ ვღვაწობთ [სტილი დაცულია], შევთავაზოთ დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის მზაობით, რომ საქართველოში შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობითობის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც საფუძველს გააჩენს საერთო წარსულის დედამიწაზე მაცხოვრებელი ქვეყნების ურთიერთპატივისცემის აღდგენის, მეცნიერულ საფუძვლებს… მე მინდა ამ ინიციატივაზე თქვენი აზრი მოვისმინო”, – აღნიშნა კახაძემ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელების პირველი მცდელობა იყო 22 წლის წინ, შემდეგ კი მოვიდა „ვარდების რევოლუცია” და „ეს საკითხი მიჩუმათდა და საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან”.

ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„ბატონო ლადო, დიდი მადლობა თქვენი ინიციატივისთვის, ვფიქრობ, საინტერესო ინიციატივაა. მას შემდეგ, რაც კონცეპტუალურად ეს საკითხი, თუ კი დაგჭირდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება, ან საერთაშორისო გამოცდილების მიღება ამ მიმართულებით, გქონდეთ ჩვენი იმედი. დიდი სიამოვნებით დაგიჭერთ მხარს”, – უპასუხა მას მინისტრმა.

LB loan image desktop LB loan image mobile