შეზღუდვების განმეორებით დარღვევისთვის შსს-მ ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი პოლიციამ დალუქა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტი დაილუქა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.