შოვში სტიქიის არეალში დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებულის ფუნქციონირება - ანგარიში

პუბლიკა

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ შოვში მეწყერსა და ღვარცოფზე ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილებების გამო კავკასიონის სამხრეთ ფერდის ზონაში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის საფრთხე, ამიტომ საჭიროა საშიშროების შეფასება და კვლევები. სტიქიის გავრცელების არეალში ინფრასტრუქტურის მოწყობა რეკომენდებული არაა.

„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები.

შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება;

დოკუმენტის მიხედვით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ამ ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის;

ასევე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება;

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტიქიური მოვლენის ფორმირება სხვადასხვა ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

„სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მდ. ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათი და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. მცირე ზომის შეგუბებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ სტიქიის შემდგომ მდ. ბუბისწყლის და მდ. ჭანჭახის შესართავთან, რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია;

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე არსებული მდ. ბუბისწყლის ხეობა ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენდა 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდე, სადაც ღვარცოფის მნიშვნელოვან გავლას უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მდინარის კალაპოტში განვითარებულ ცალკეულ წყალმოვარდნებს;

2023 წლის 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული და თანხვედრილი, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;

მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად;

ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.