შსს: დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 29 პირი, 3-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძეა.

„ბრალდებულები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.

ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.

დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.

გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ. ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.